Tuesday, October 8, 2013

ქართული დამწერლობა — ანბანური ტიპის თავისთავადი, თვითმყოფადი სისტემა, რომელსაც ქართველური ენები (ძირითადად ქართული) იყენებს, დროგამოშვებით კი სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ქართულ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაცრისფრად აღნიშნულია ასოები, რომლებიც ამჟამად არ გამოიყენება. ქართული გადმოცემის თანახმად, ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემ — ფარნავაზ I-მა შექმნაქართული დამწერლობის შემოღების თარიღზე მიმანიშნებელი ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი წყარო არ არსებობს. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მას ფარნავაზ I-ს მიაწერს, ძვ. წ. III საუკუნეში, თუმცა ამის დამადასტურებელი უფრო ადრინდელი საბუთი არ არის.[2] ქართული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლი „შუშანიკის წამება“[3] (V საუკუნე) მიანიშნებს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო განვითარებული წერილობითი კულტურა. ამასთან, პროფესორ რევაზ ბარამიძის მიერ 1990-იანი წლების დამდეგს დადასტურებულია, რომ „ქართლის ცხოვრებაში“ ჩართული „ცხოვრება ფარნავაზისი“ არის ფარნავაზის თანამედროვე ჟამთააღმწერლის მიერ შექმნილი თხზულება, თუმცა ეს ფაქტი ამ პერიოდში ქართული დამწერლობის არსებობას ვერ ადასტურებს.

ბოლო დრომდე, არქეოლოგიური მონაცემებით ქართული ანბანის შექმნას ახ. წ. IV—V საუკუნეებს უკავშირებდნენ (დავათის სტელის ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასომთავრული წარწერა (492—493 წწ)). აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი) 1990-იან და 2000—2003 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალები იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ქართული ანბანი უფრო ადრე უნდა ყოფილიყო შექმნილი
.
ქართული ენა — ქართველების მშობლიური ენა, საქართველოს სახელმწიფო ენა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მის პარალელურად, სახელმწიფო ენად აღიარებულია აფხაზური ენა). ქართულ ენაზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს..
          ქართული ენის წარმოშობის პრობლემით დაინტერესებული იყვნენ ევროპელი მეცნიერები ჯერ კიდევ 17-18 საუკუნეში. ადრე კაცობრიობის ენების პრაენად აღიარებული იყო ძველებრაული, თუმცა აზიის ენებისადმი ინტერესი მაღალი იყო, რადგან მათში ხედავდნენ ენის განვითარების უფრო ძველ საფეხურებს. მალე უარყვეს ძველებრაული ენისგან მსოფლიო ენების წარმომავლობის იდეა და ამოტივტივდა გეოგრაფიული პრინციპი ენათა კლასიფიკაციაში. მაგალითად ადელუნგმა ქართული ენა აზიის ენათა ჯგუფს მიაკუთვნა[1].

რამდენიმე ავტორი ძველი კოლხეთის ენას , როგორც უძველეს ქართულ ენას, გენეტურად უკავშირებდა ეგვიპტურ ენას. ეს თეორია დაფუძნებული იყო ანტიკურ ხანაში შემუშავებულ თვალსაზრისზე კოლხებისა და ეგვიპტელების ნათესაობის შესახებ.

ჰეროდოტე, მაგალითად, ამბობდა, ორივე ხალხის ცხოვრების წესები და ენა ერთნაირიაო. ბერძენი ისტორიკოსის ეს შეხედულება უნდა გავიგოთ, როგორც შედეგი მისი საერთო - ეგვიპტოფილური კონცეფციისა. რაკი კოლხები ითვლებიან დღევანდელი ქართველების წინაპრად, ამიტომ ქართული ენა, როგორც გაგრძელება ძველი კოლხური ენისა, დაკავშირებული იყო ეგვიპტურთან. ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ბაიერი ძველ ქართულ შრიფტს ადარებდა ეგვიპტურ დამწერლობას და მათ შორის საერთო მოხაზულობასაც პოულობდა. თუმცა, გერმანელ ფილოსოფოს ლაიბნიცისთვის ეს მსგავსება ეჭვს იწვევდა.

Thursday, October 3, 2013



ქართული ენის განვითარებაში გამოიყოფა ძველი და ახალი ქართული. ძველი ქართული ენა არქაული ხანიდან მეთერთმეტე საუკუნის დამლევამდე არსებობს და ამ ხნის მანძილზე იგი არაერთფეროვანია, მასში განარჩევენ ხანმეტობასა და ჰაემეტობას. ისინი მთელი რიგი თავისებურებით ხასიათდება ლექსიკური, მორფოლოგიური, ფონეტიკური თვალსაზრისით; მიუხედავად ამისა, ძველი ქართული ენა მკვეთრად ჩამოყალიბებული ნორმების სისტემაა.
ახალი ქართული სალიტერატურო ენა ჩამოყალიბებას იწყებს მეთორმეტე საუკუნეში. მას საფუძვლად აღმოსავლეთ საქართველოს ბარის კილოები — ქართლური და კახური დაედო.
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენაში ფასდაუდებელია ილია ჭავჭავაძისაკაკი წერეთლისიაკობ გოგებაშვილისსილოვან ხუნდაძისა და სხვა სახელოვან მოღვაწეთა დამსახურება.
თანამედროვე სალიტერატურო ქართული ენისთვის დამახასიათებელია ყველა ფუნქცია, რაც პოლივალენტოვან სამწერლო ენას შეიძლება ჰქონდეს. ამ ენაზე შექმნილია მდიდარი მხარტვრული, ორიგინალური, თარგმნითი, სამეცნიერო და პოლიტიკური ლიტერატურა.
ქართულ ენაზე შედგენილია მრავალი ლექსიკონი როგორც ორენოვანი (თარგმნითი), ასევე ტერმინოლოგიურ-განმარტებითი. ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ენად მიიჩნევა, მისი ლექსიკის ზრდა განუწტყვეტლივ მიმდინარეობს. დიდი ქართული ლექსიკონის შესადგენად შექმნილია სადოკუმენტაციო ფონდი, რომლის საცავში 1982 წელს 3 მილიონზე მეტი ბარათი (ლექსიკური ერთეული) ინახებოდა

Wednesday, October 2, 2013

ქართულ ენას აქვს თვითმყოფადი ანბანი (მხედრული), რომელიც არის ნუსხურის განვითარების შედეგი, ხოლო ნუსხური კი, თავის მხრივ, მიღებულია ასომთავრულისაგან (იგივე მრგლოვანი). თანამედროვე მხედრული შეიცავს 33 ასოს, რაც სრულყოფილად ასახავს თანამედროვე ქართული ენის ბგერით (ქართული ენაში 28 თანხმოვანი და 5 ხმოვანია) შედგენილობას. ქართული დამწერლობის უძველეს ძეგლებად დღემდე ითვლებოდა დავათის სტელაზე აღმოჩენილი ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასევე ასომთავრული წარწერა (492—493 წწ). ცნობილი ქართველი არქეოლოგის, აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი) 1990-იან და 2000—2003 წლებში ჩატარებულმა სამუშაოებმა დაადასტურა, რომ ქართული ანბანი ქრისტიანობამდეა შექმნილი. კერძოდ, აღმოაჩინეს წარმართული ხანის, მითრას კულტის სახელზე აგებული ტაძრის ნაშთები, რომლის მარანში, საწნახელზე და ქვევრის თავებზე აღმოჩენილი წარწერები ახ. წ. I—II საუკუნეებით თარიღდება