ქართული ენა — ქართველების მშობლიური ენა, საქართველოს სახელმწიფო ენა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მის პარალელურად, სახელმწიფო ენად აღიარებულია აფხაზური ენა). ქართულ ენაზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს..
ქართული ენის წარმოშობის პრობლემით დაინტერესებული იყვნენ ევროპელი მეცნიერები ჯერ კიდევ 17-18 საუკუნეში. ადრე კაცობრიობის ენების პრაენად აღიარებული იყო ძველებრაული, თუმცა აზიის ენებისადმი ინტერესი მაღალი იყო, რადგან მათში ხედავდნენ ენის განვითარების უფრო ძველ საფეხურებს. მალე უარყვეს ძველებრაული ენისგან მსოფლიო ენების წარმომავლობის იდეა და ამოტივტივდა გეოგრაფიული პრინციპი ენათა კლასიფიკაციაში. მაგალითად ადელუნგმა ქართული ენა აზიის ენათა ჯგუფს მიაკუთვნა[1].
რამდენიმე ავტორი ძველი კოლხეთის ენას , როგორც უძველეს ქართულ ენას, გენეტურად უკავშირებდა ეგვიპტურ ენას. ეს თეორია დაფუძნებული იყო ანტიკურ ხანაში შემუშავებულ თვალსაზრისზე კოლხებისა და ეგვიპტელების ნათესაობის შესახებ.
ჰეროდოტე, მაგალითად, ამბობდა, ორივე ხალხის ცხოვრების წესები და ენა ერთნაირიაო. ბერძენი ისტორიკოსის ეს შეხედულება უნდა გავიგოთ, როგორც შედეგი მისი საერთო - ეგვიპტოფილური კონცეფციისა. რაკი კოლხები ითვლებიან დღევანდელი ქართველების წინაპრად, ამიტომ ქართული ენა, როგორც გაგრძელება ძველი კოლხური ენისა, დაკავშირებული იყო ეგვიპტურთან. ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ბაიერი ძველ ქართულ შრიფტს ადარებდა ეგვიპტურ დამწერლობას და მათ შორის საერთო მოხაზულობასაც პოულობდა. თუმცა, გერმანელ ფილოსოფოს ლაიბნიცისთვის ეს მსგავსება ეჭვს იწვევდა.
No comments:
Post a Comment